პოლიციამ ქობულეთში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული მამაკაცი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სოფლის რწმუნებულის განცხადებით, მოკლული, სათევზაოდ იყო წასული, მას გვიან ღამით, უკან დაბრუნებისას სპეციალური ნიღაბი ეკეთა. პარალელურად, თანასოფლელი ამავე გზაზე გადაადგილდებოდა, სიბნელის გამო, ვერ მიხვდა, რომ ადამიანი იყო, სამწუხაროდ, ახალგაზრდა მამაკაცმა ხმა არ გასცა. 43 წლის მამაკაცს ეგონა რომ გზად დათვი შეხვდა, რის გამოც ესროლა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.