ისრაელი მასშტაბურმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა.
მოქალაქეები მთავრობის მიერ წარდგენილ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ და მის უკან გაწვევას ითხოვენ. თავდაცვის მინისტრის შემდეგ, რომელიც უკვე გადააყენეს, პრემიერს სადავო რეფორმის გარშემო საკანონმდებლო პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებს პრეზიდენტიც. პროტესტი იერუსალიმს გასცდა. შიმშილობის დაწყებას გეგმავენ 27 ქალაქის მერები, პროფკავშირებმა კი მასშტაბური გაფიცვა გამოაცხადეს. საკონსულო მომსახურებას აჩერებენ სხვა ქვეყნებში მოქმედი საელჩოებიც, მათ შორის იკეტება საქართველოში ისრაელის საელჩო. თუ რეფორმა ძალაში შევა, უზენაესი სასამართლო მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედებას ვეღარ შეაჩერებს. ამავე ცვლილებებით, მოსამართლეების დანიშვნისას იზრდება მთავრობის უფლებამოსილება.