ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის საკითხი კვლავ აქტუალურია პოლიტიკურ სპექტრში. როგორც უმრავლესობაში აღნიშნავენ, საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო მიდგომების პირობებში მნიშვნელოვანია გადატვირთვის პოლიტიკის წარმოება. გადატვირთვის პოლიტიკის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბერლინში ისაუბრა. დიპლომატებს ირაკლი კობახიძემ ახალი დავალებები ბერლინის ამბასადორიალზე მისცა, სადაც სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს. მთავარ ამოცანად საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება სახელდება. პრემიერის განცხადებით, პარტნიორების მიმართ მთავარი გზავნილი ასეთია – ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით, ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს.