კულტურის მინისტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე, სოფელ იმირის ნამოსახლარში „გადაჭრილი გორის“ არქეოლოგიური კომპლექსი მოინახულა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. ამ ცნობით, არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თეა წულუკიანთან ერთად გაეცნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ობიექტის დაცვისა და განვითარების მიზნით გათვალისწინებულია მისი გადახურვა, საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და ავტოსადგომის მოწყობა. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს. „გადაჭრილი გორა“ უნდა იყოს მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ასევე – საგანმანათლებლო-სამეცნიერო ზონა, სადაც არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება. ადგილზე არქეოლოგიური გათხრები 2006 წელს დაიწყო. 2015 წელს აღმოაჩინეს თიხის ჭურჭელი, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ჭურჭლის ფორებში შემორჩენილი იყო 8000-წლოვანი ღვინის ნაშთები. 2017 წელს ეს არქეოლოგიური აღმოჩენა მსოფლიოს 10 მნიშვნელოვან აღმოჩენას შორის დასახელდა.