მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობენ დედოფლისწყაროს რაიონში.
გაჩერებული ჭაბურღილიდან ნავთობი იღვრება. შედეგად ბინძურდება გარემო, მიყენებული ზიანის მასშტაბები დიდია და ის ვაშლოვანის ნაკრძალამდე აღწევს. დაბინძურების კვალი კარგად ჩანს ადგილზე გადაღებულ ვიდეოშიც. გარემოს დამცველები სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ. თუმცა შესაბამისი ზომების მიღებამდე ახლა დავა იმაზე მიმდინარეობს, ნაზარლების ნომერ მეორე ჭაბურღილი კომპანია „ფრონტერას“ ეკუთვნის, თუ ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე კომპანიის და სააგენტოს წარმომადგენლები ნავთობის დაღვრაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის შემდეგ საქართველოში 1997 წელს შემოსულმა ამერიკულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანია „ფრონტერამ“ კახეთში ნავთობის საძიებო ტერიტორიის 99% სახელმწიფოს დაუბრუნა.