საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის, „ფრანს 5“-ის პოპულარულ სათავგადასავლო გადაცემას უმასპინძლა. ექვსკაციანმა გადამღებმა ჯგუფმა საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში იმოგზაურა, ორკვირიანი პრესტურის ფარგლებში, ტელეკომპანიის წარმომადგენლები თბილისს, მცხეთას, ანანურს, ვარძიასა და ქუთაისს ეწვივნენ და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს. ტურის დასრულების შემდეგ, საქართველოს შესახებ 90-წუთიანი გადაცემა მომზადდება, რომელიც ტელეკომპანია „ფრნას-5“-ის ეთერით ივნისში გადაიცემა.
ფრანგული გადამღები ჯგუფის ჩამოსვლის პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოპულარულ ფრანგულ გამოცემას „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს უმასპინძლა. პრესტურის შედეგად, „ლე ფიგაროში“ საქართველოს შესახებ 10-გვერდიანი სტატია მომზადდება.