ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება – ასე ეხმაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებას, თითქოს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთთან, საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას.