ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა საქართველოში

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნება. მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანები დილიდან ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში შეიკრიბნენ. საქართველოში დღეს მეორე მსოფლიო ომის 114 ვეტერანია. მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადად – 1 000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა 500 ლარი მიიღეს. კიკვიძის ბაღში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს პრემიერმა და მთავრობის წევრებმა. მათ დღევანდელი დღე ვეტერანებს მიულოცეს.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს აჭარაშიც. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერთან, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მიაგო. მთავრობის წევრებმა ქართველი კაპიტნის ანატოლი კაჭარავას საფლავი ყვავილებით შეამკეს.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს თელავშიც. მემორიალი ყვავილებით შეამკეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. თელავის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის ორი ვეტერანია, 104 წლის შალვა კუპატაძე და 98 წლის ეკატერინე თათილაშვილი. თელავის მერია მათ ერთჯერად ფულად დახმარებასაც გადასცემს.