მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილისგან განმარტებებს ელის.
„ფარას“ დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ ხელისუფლებას აინტერესებს, შეადგინა თუ არა პირადად ყოფილმა პრეზიდენტმა ის პეტიცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილზე თვეების წინ უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ პეტიცია დაქირავებულმა ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიებმა მოამზადეს და მარგველაშვილის სახელით გამოაქვეყნეს, რისთვისაც ექს-პრეზიდენტმა თანხა აიღო. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ყოფილი პრეზიდენტის გასათავისუფლებლად დაგეგმილი ლობისტური აქტივობების სია დაიდო, ერთ-ერთ აქტივობად კი გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით სააკაშვილის გათავისუფლების კოალიციის შექმნა და საერთაშორისო მედიაში ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ინფორმაციის გავრცელებაა მითითებული. საუბარია თებერვალში მარგველაშვილის და ყოფილი ქართველი და ევროპელი მაღალჩინოსნების ხელმოწერებით გამოქვეყნებულ სტატიაზე, სადაც არაადამიანური მოპყრობის არგუმენტით ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანაა მოთხოვნილი. ახლა დავის საგანია, აიღო თუ არა მარგველაშვილმა ამ აქტივობისთვის თანხა, რომელიც „ფარას“ დოკუმენტში ფიგურირებს.