ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა განხილვის თემაა სტრასბურგში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მონაწილეებისგან ქვეყანა მნიშვნელოვან გზავნილებს იღებს. საქართველოს საკითხის მომხსენებელმა რუმინელმა დეპუტატმა ხელისუფლებას და ოპოზიციას ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად ერთად მუშაობა სთხოვა და ხაზი გაუსვა, რომ პოლარიზაცია ქვეყნის ეროვნულ ინტერესს აზიანებს. ანალოგიური გზავნილები გაისმა სხვა ევროპელი კანონმდებლების გამოსვლებშიც. პროგნოზი კეთილსაიმედოა – ევროპელ დეპუტატებს იმედი აქვთ, რომ საჭირო რეფორმების გატარების შემთხვევაში წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამ კონტექსტში აქცენტი კეთდება გეოპოლიტიკურ სიტუაციაზეც. მხარდამჭერი განცხადება იყო უკრაინელი დეპუტატისგანაც. დღევანდელი პოლიტიკური დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოებაა.

„მოამბე“ სტრასბურგიდან, – სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს, რა განცხადებები გაკეთდა დღეს საქართველოს შესახებ.