რუმინეთში გამგზავრებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართა და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების და კანონპროექტების შეფასება სთხოვა.
დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის გარდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიისგან სამართლებრივი მოსაზრებების მომზადებას კიდევ ხუთი, მათ შორის საარჩევნო კოდექსის, მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმის მიმართულებით ელოდება. მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმას უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ 12 რეკომენდაცია ბოლომდე მაინც არ შესრულდება. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება საშინაო დავალების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს და ევროკომისიის გადაწყვეტილებაც დადებითი იქნება.