ცხრა ევრორეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართულ მესამე შეხვედრაზე კონსენსუსი ვერ შედგა. დეპუტატებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მართლმსაჯულების რეფორმა განიხილეს და საკუთარი წინადადებები წარადგინეს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას და ე.წ. ვეთინგ სისტემით მოსამართლეების გადარჩევას ეხებოდა. რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა შეხვედრა დასრულებამდე დატოვა და განაცხადა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა და ოპოზიციამ ერთადერთი საკითხი დააყენეს – ეს არის ე.წ. ვეთინგის სისტემის შემოღება, რომლის მიხედვითაც, შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში უცხო ქვეყნების საელჩოების მიერ დანიშნული ხალხი ჩაერთვება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე არ დასახელებულა არც ერთი მაგალითი იმისა, რომ სასამართლოში სისტემური პრობლემაა. მან ასევე მოიყვანა მოლდოვის მაგალითი, როდესაც მოსამართლეები გადამოწმების ფილტრში გაატარეს და კომისიაში იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მსგავსი სისტემის დანერგვა საქართველოში მიუღებელია და აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხდება. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი არ აღიარებს სასამართლო სისტემაში არსებულ სიღრმისეულ პრობლემებს.