ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის საქმეზე თავისუფლების დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს ჩხარტიშვილის სასარგებლოდ 1200 ევროს გადახდა დააკისრა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია იცავდა ჩხარტიშვილის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში. უფლებადამცველების განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ეროვნულმა სასამართლომ ჩხარტიშვილის მიმართ ისე გამოიყენა პატიმრობა, რომ გარემოებებზე საერთოდ არ უმსჯელია. 2019 წლის 29 ნოემბერს ლაშა ჩხარტიშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებდა, სადაც პერფორმანსის სახით, ლობიოს მარცვლების სროლის გამო წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმავე დღეს მას 8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.