ევროპული საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, კანონი, რომელიც მიღებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებული ნაბიჯების უკან დახევას.
ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიო გახადონ თავიანთი ზრახვები არსებული მოქმედების კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და იწვევს გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას – ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ევროპული საბჭო მოგიწოდებთ, შეწყდეს მზარდი დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში. იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს, გახდეს წევრი. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ამ შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და წაახალისოს პარტნიორების მიერ არჩევნების აქტიური გრძელვადიანი და მოკლევადიანი მონიტორინგი.
ევროპული საბჭო განაგრძობს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს, ამავე დროს კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნავს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.