ევროპელი დეპუტატების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება შეუნარჩუნდა. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, უკრაინის დელეგაცია რუსი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა. მოთხოვნას მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციამაც. თუმცა, 107 ხმით საპარლამენტო ასამბლეა რუსეთთან დიალოგის აღდგენას დათანხმდა.
კენჭისყრამდე იყო რუსი დეპუტატების მუქარისშემცველი გამოსვლები და უმწვავესი განცხადებები მოსკოვის მისამართით, რა დროსაც ასამბლეის ცალკეულმა წევრებმა საქართველოც ახსენეს და პირდაპირ თქვეს, რომ რუსული დელეგაციისთვის 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო შეჩერებული ხმის უფლების აღდგენა შეცდომა იყო.