ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი დასრულდა - შეფასებები თბილისში
ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი დასრულდა. 40-მდე სახელმწიფოს ლიდერს ვიქტორ ორბანმა უმასპინძლა. განსახილველი ძირითადი თემა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დასკვნით პლენარულ სესიაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა, ევროპელი ლიდერებისადმი მიმართვაში აქცენტი გააკეთა იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ეხება. ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის პრიორიტეტად დასახელდა. პრემიერ-მინისტრმა სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე „ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა“. დახურული ფორმატის დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას კი მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ირაკლი კობახიძის შეხვედრა შედგა შარლ მიშელთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალან ბერსესთან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან რობერტ ფიცოსთან.
ვიზიტს შეფასებები მოჰყვა თბილისში.