სადავო კანონის მიღების და საპროტესტო გამოსვლების ფონზე საქართველოს სტუმრობენ პარტნიორები ევროპის ქვეყნიდან.
გზავნილები საკმაოდ მწვავეა. თბილისში იმყოფებიან გერმანიის, ფინეთის, ლიეტუვის, ჩეხეთის და პოლონეთის პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც ქუჩაში გასულ მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებენ. საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. მმართველი პარტიიდან კი სტუმრები მხოლოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიიღო, რამაც დელეგაციის წევრებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია. საგნობრივი საუბრისთვის და ვიზიტისთვის დროის არასწორად შერჩევის არგუმენტით პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ დელეგაციას ვერ შეხვდებოდა. კანონის დამტკიცების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა სხვა საერთაშორისო პარტნიორების რიტორიკაც. კანონის გაწვევა, პოლარიზაციის შემცირება და სიტუაციის დამშვიდება მთავარი მოწოდებებია.