ვნებათაღელვა არ ცხრება ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის გარშემო.
მიხეილ სააკაშვილზე პოლონელი დეპუტატის ინიცირებით შესული შესწორების გამო „ქართული ოცნება“ ევროკავშირს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას და ევროპარლამენტის ცალკეულ დეპუტატთა განცხადებებისგან გამიჯვნას სთხოვს. ეს თხოვნა ბრიუსელმა დღეს უკვე პრემიერისგან მიიღო, რომელმაც ევროპის საკანონმდებლო ორგანოში ორი წლის წინ დაწყებული მძიმე ტენდენციების გამეორება არ გამორიცხა. ჰუმანიტარული ნიშნით ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების და შეწყალების მოთხოვნაში მმართველი პარტია ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესს და ლობიზმის კვალს ხედავს და დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის მხრიდან სააკაშვილის შესაწყალებლად ნიადაგი მზადდება. როგორ მოხვდა ევროპის უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე მომზადებულ რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილზე ჩანაწერი – როგორც ირკვევა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ამ საკითხის გარკვევა ევროპარლამენტარებთან პირადად სცადეს.