კრიტიკა და მწვავე გზავნილები ბრიუსელიდან.
კანდიდატობაზე ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე ორი კვირით ადრე ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მძიმე შინაარსის რეზოლუციას იღებს. გაუარესებული მედია-გარემო, ჟურნალისტებზე დევნა, ძალადობის გახშირებული შემთხვევები და 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები დოკუმენტის მთავარი აქცენტებია. რეზოლუციის ავტორები ნიკა გვარამიას განაჩენშიც პოლიტიკურ ნიშნებს ხედავენ და მის გადახედვას ითხოვენ, მოთხოვნაა ჰუმანიტარული საფუძვლებით უცხოეთში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაც. დამტკიცდა ის შესწორებაც, რომლითაც დეპუტატები ევროპულ საბჭოს ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების განხილვას სთხოვენ. კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა, რა დროსაც ხელისუფლების მიმართ ასევე კრიტიკის შემცველი განცხადებები გაისმა.
არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა მმართველი გუნდის რეაქცია. „ქართული ოცნებისთვის“ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს. ხელისუფლება რეზოლუციის ტექსტში აღმოჩენილ ფაქტობრივ უზუსტობებზე მიუთითებს და დოკუმენტის მხარდამჭერებს ყალბი ამბების მსხვერპლად მიიჩნევს.
სალომე ქოქიაშვილმა წაიკითხა რეზოლუციის ტექსტი. ის პირველ რიგში მმართველი პარტიის რეაქციას გაგვაცნობს.