ევროპარლამენტმა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს რეკომენდაციებს, რომელიც სამი ქვეყნის ევროკავშირის წევრობის განცხადებაზე საბჭოს სწრაფ გადაწყვეტილებას გულისხმობს. რეკომენდაციის თანახმად, რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე, ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, გაფართოების გაძლიერებული პოლიტიკა ევროკავშირის უძლიერესი ინსტრუმენტია. ახალ რეზოლუციას შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. უმრავლესობის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტით დასტურდება, რომ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის „ქართული ოცნება“ ყველა შესაბამის ნაბიჯს დგამს. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლება 12-პუნქტიან რეკომენდაციას არ ასრულებს.