ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებული ახალი ანგარიში პოლიტიკური ვნებათაღელვის საგანი ხდება.
ხელისუფლება ევროპარლამენტართა გარკვეულ ჯგუფს მწვავედ აკრიტიკებს და კონკრეტული ევროპელი დეპუტატების პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს იმ დოკუმენტში, რომელიც გუშინ სტრასბურგში რამდენიმე შესწორებით დამტკიცდა. შესწორებები მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოწოდებებს და ბიძინა ივანიშვილისთვის გარკვეული დათქმით პერსონალური სანქციების დაწესების რეკომენდაციას ეხება. თუმცა, შესწორებები ბოლო წუთამდე ევროპელ დეპუტატებს შორისაც აზრთა სხვადასხვაობის საგანი იყო. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის სანქცირების რეკომენდაციას არ დაეთანხმა ანგარიშის ავტორი სვენ მიქსერიც, რის გამოც მის მიერვე მომზადებული დოკუმენტის მხარდაჭერისგან ბოლოს თავი შეიკავა. ივნისში მიღებული რეზოლუციის მსგავსად, ანგარიშს ამჯერადაც ჩალის ფასი აქვს მმართველი გუნდისთვის, რომელიც დოკუმენტს მიღმა კორუფციის კვალსაც ხედავს. ოპოზიციისგან გასხვავებით, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ევროპული საბჭო ანგარიშის არცერთ რეკომენდაციას და მოწოდებას არ გაიზიარებს.