ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ინკლუზიურობის ნაცვლად ორი პარალელური პროცესი და ღიად დარჩენილი გზავნილი – პოლიტიკურ სპექტრს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის გარშემო გაერთიანებისკენ ამჯერად თბილისში მყოფი ევროპარლამენტარები მოუწოდებენ.

რამდენად მნიშვნელოვანია 12-ვე პუნქტის შესასრულებლად ერთად მუშაობა და ევროინტეგრაციისთვის პარტიული ინტერესების გვერდით გადადება – სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელი სხდომა. „ნუ დაკარგავთ შესაძლებლობის ფანჯარას“ – ეს არის სვენ მიქსერის და მარია კალიურანდის მთავარი მოწოდება. ევროპელმა დეპუტატებმა ცალკე მომუშავე ოპოზიციურ პარტიებს სამუშაო ჯგუფებში ჩართვა, „ქართულ ოცნებას“ კი მათი მოსმენა სთხოვეს. თუმცა ევროკომისიის პუნქტებზე ერთად მუშაობის და კომპრომისულ ვარიანტებზე შეჯერების პერსპექტივა ამ დრომდე ბუნდოვანია. სამი ოპოზიციური პარტია, რომელიც ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებს თავიდანვე გაემიჯნა, პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ერთის ნაცვლად ორი სამუშაო ფორმატის შექმნაზე მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.