ევროკომისიის ანგარიშს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს. მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.“- წერს საქართველოს პრეზიდენტი.
„ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ. დოკუმენტი მკაფიოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
„ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების ექვსი ჯგუფიდან სამში, მათ შორის ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველო შარშან ივნისშივე უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო. „ეს შეფასება ასევე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ ქართველებზე, რომლებიც მაშინ და დღესაც, სიტყვით და წერილობით, შიგნით და გარეთ გვიმტკიცებენ ჩვენ და უმტკიცებენ ევროკავშირს, როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. არადა, ამ ანგარიშთან ერთად, მხოლოდ ბოლო დღეებში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით – კორუფციის აღქმის ინდექსში ვუსწრებთ ყველა კანდიდატს, ევროკავშირის ცხრა და ნატო-ს 11 წევრ ქვეყანას. ადამიანის თავისუფლების ინდექსში ვუსწრებთ ყველა კანდიდატს, ევროკავშირის სამ და ნატო-ს შვიდ წევრ ქვეყანას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
„დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ანალიტიკური ანგარიში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესაბამისობაზე ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან, რომელიც ავსებს ჩვენს წინა, 2022 წლის მოსაზრებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადებთან დაკავშირებით. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“, – წერს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერზე“.
„მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში. ამასთან, აღნიშნა, რომ ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და ევროკავშირი მზად არის, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დაეხმაროს.
ევროკომისიის ანგარიშს შეფასებები მოყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდის განცხადებით, ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ მისი მიღება წელს მოხდება. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ანგარიში არის წინაპირობა იმისა, რომ თუ ქვეყანა რეკომენდაციებს შეასრულებს, პარტნიორები ამას დაინახავენ. მათივე თქმით, ყველას მიზანი უნდა იყოს 12 პუნქტის შესრულება. ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს რეკომენდაციების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.