როგორ გაგრძელდება ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, – ამ საკითხზე დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში იმსჯელებენ. შეკრებას ლიდერები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყებენ. საქართველოს საკითხის გარდა, განსახილველ თემებს შორის არის ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოლდოვასთან. ასევე, მსჯელობის საგანი იქნება ის, თუ ვინ დაიკავებს ევროკავშირის სტრუქტურებში წამყვან თანამდებობებს. ერთ-ერთი ვერსიით, ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება წარდგენილი, შარლ მიშელის შემცვლელად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე პორტუგალიის ყოფილი პრემიერი, ანტონიო კოსტა დასახელდება, ჯოზეფ ბორელის შემცვლელად კი, ესტონეთის მოქმედი პრემიერი.