ბელარუში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების განხილვის მიზნით, ევროკავშირის საგანგებო სამიტი დღეს გაიმართება. სამიტზე სიტყვით გამოვა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვეტლანა ციხანოვსკაია. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, სამიტზე ის ევროკავშირს მოუწოდებს ლეგიტიმიტურად არ აღიაროს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. დღეს ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრის, ოლგა კოვალკოვასა და სერგეი დილევსკის სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ისინი გუშინ დააკავეს. კოვალკოვას მასობრივი შეკრების ორგანიზებაში ედება ბრალი. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თანამდებობიდან გაათავისუფლა სლოვაკეთში ბელარუსის ელჩი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაუჭირა მხარი. იგორ ლეშენას გათავისუფლების შესახებ ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელდა ვიდეოც, სადაც შავებში ჩაცმული ამოუცნობი პირები, ერთ-ერთი შენობიდან ბელარუსის ალტერნატიული დროშის ჩამოხსნას ცდილობენ. როგორც მედია წერს, ამოუცნობი პირები შენობაში შესვლას ჯერ მცხოვრებლებისთვის კარის გაღების თხოვნით ცდილობდნენ, შემდეგ კი საერთო აივნებზე მოხვდნენ, საიდანაც დროშის ჩამოხსნას შეეცადნენ.