როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო საშინაო დავალებას – პრაღაში 10 თვეში ჩატარებულ სამუშაოებზე მსჯელობენ.
ჩეხეთის დედაქალაქში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტთა სპიკერები არიან შეკრებილები. სამიტს ესწრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც, რომელმაც ევროპელ კოლეგებს სიტყვით მიმართა. შალვა პაპუაშვილის გზავნილია, რომ ქვეყანას რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე შესრულებული აქვს, ამიტომ წლის ბოლოს ის ევროპული საბჭოსგან, წინა წლის ივნისისგან გასხვავებით, პროგრესის აღიარებას და სტატუსზე დადებით გადაწყვეტილებას ელის. სხვა შემთხვევაში ევროპელ კოლეგებს იმ საფრთხეებზე მიუთითებს, რომელთა წინაშე შესაძლოა ქვეყანა აღმოჩნდეს. რადგან კონფერენციის დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა, შალვა პაპუაშვილმა გამოსვლის ნაწილი სწორედ უკრაინის თემას და იმ რეზოლუციებსა თუ ნაბიჯებზე საუბარს დაუთმო, რომლებიც საქართველომ ომში მყოფი ქვეყნის მხარდასაჭერად მიიღო და გადადგა.