44 ქვეყნის ლიდერები საერთო გამოწვევის პირისპირ – პრაღაში ევროკავშირის ახალი პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ლიდერების არაფორმალური შეხვედრით გრძელდება. დღის წესრიგშია ორი მთავარი თემა: როგორ უნდა მიიღოს ევროპისგან ომში მყოფმა უკრაინამ უფრო მეტი მხარდაჭერა და როგორ უნდა გადაიჭრას საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი მწვავე ენერგოკრიზისი. მოახლოებული ზამთრის სეზონის წინ ევროკავშირს მოკლევადიანი გეგმა მზად აქვს და მას ახლა წევრ ქვეყნებს აცნობს. რუსეთის მხრიდან ენერგორესურსების შანტაჟის იარაღად გამოყენების და ენერგორესურსების მიწოდების მკვეთრი შემცირების ფონზე ევროპელ ლიდერებს გამოსავალი და უახლოეს პერიოდში გადასადგმელი ნაბიჯები სხვადასხვანაირად ესახებათ, თუმცა იმედი აქვთ, რომ კომპრომისულ გეგმაზე შეთანხმებას მოახერხებენ. უკვე ცნობილია, რომ ახლად შექმნილი პოლიტიკური გაერთიანების მომდევნო შეკრებას მოლდოვის დედაქალაქი უმასპინძლებს.
„მოამბე“ პრაღიდან, – სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ლიდერების არაფორმალურ შეხვედრას.