ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან, რათა განიხილონ უკრაინასთან, ჩინეთსა და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც მედია წერს, ევროკავშირის საბჭოს ორდღიანი შეხვედრა ფოკუსირებული იქნება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე, რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციაზე, ჩინეთის მხრიდან შექმნილ ეკონომიკურ საფრთხეებსა და სერბეთ-კოსოვოს დაძაბულობაზე. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, მიგრაცია ასევე გამორჩეული თემა იქნება დებატებში, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის კონტექსტში თავშესაფრის ახალი მაძიებლების ჩამოსვლის შესაჩერებლად. ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ახალ, 50 მილიარდი ევროს წინადადებას კიევის გრძელვადიანი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც კვლავ დაბლოკილია უნგრეთის მიერ, ასევე გაფართოების პროცესში მიღწეულ პროგრესს და უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ანონიმურობის პირობით, საუბრისას დიპლომატები აცხადებენ, რომ მაგიდის ირგვლივ არის პოლიტიკური ნება, რათა წინ წავიდეს აქტივების ინვესტირებისა და მოგების უკრაინისკენ გადამისამართების პროექტი.