ევროკავშირის ბოლო სამიტი დეკემბრის შეკრებამდე, როცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული – ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები არიან შეკრებილები.
დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია და ის უკრაინის და ისრაელის თემებს მოიცავს, თუმცა სამიტის წინ განცხადებები ჩვენს ქვეყანაზეც გაკეთდა. რას უნდა ელოდოს ევროპული საბჭოსგან წლის ბოლოს საქართველო: ევროპელი ლიდერები აქცენტს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და იმ დასკვნაზე აკეთებენ, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს შესახებ 8 ნოემბერს უნდა გამოაქვეყნოს. სწორედ ამ დასკვნით იხელმძღვანელებს დეკემბერში ევროპული საბჭო სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს. ოპტიმისტური გზავნილი ჰქონდა უნგრეთის პრემიერს, რომლის აზრით, ჩვენი ქვეყანა სტატუსის მისაღებად მზად არის. ორდღიანი სამიტის შემდეგ შემაჯამებელი განცხადებაც უნდა მიიღონ, სადაც დიდი ალბათობით საქართველოც იქნება ნახსენები და ჩანაწერს სწორედ სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მოახლოების ფონზე განსაკუთრებული დატვირთვა ექნება.