ევროკავშირის განცხადება რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით
ევროკავშირი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით დეკლარაციას ავრცელებს. უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამწუხაროდ, რუსეთის სამხედროების ყოფნით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელდება საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა და იმ ვალდებულების უგულებელყოფა, რომელიც თავად რუსეთმა აიღო 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სარგებელს მოუტანს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთის აგრესიიდან ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონი უზენაესობის პრინციპის გაძლიერებისკენ მიმართა, ასევე შეძლო ეკონომიკური წინსვლის მიღწევა და გახდა მიმზიდველი ინსვერტორებისთვის და ტურისტებისთვის. „საქართველო ახლა წარმოადგენს დემოკრატიის მოდელს და მისაბაძ მაგალითს რეგიონისთვის“ – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.