გზავნილები ბერლინიდან საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.
ევროკომისიის დასკვნამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიის დედაქალაქში მიმდინარე კონფერენციის მიმართ ინტერესი გაორმაგებულია. ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზე გერმანიის პირველი დიპლომატის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მსჯელობენ. ბერლინშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. დღეს გაკეთებული განცხადებები ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინს ამყარებს. ევროპელი ლიდერების გამოსვლებში არაერთხელ გაკეთდა აქცენტი გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე, რაც ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე მიუთითებს. უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად რამდენჯერმე ახსენეს საქართველო და ის საფრთხეები, რაც რუსეთისგან არის მოსალოდნელი. იმედის მომცემია ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის და მანამდე სკეპტიკური პოზიციით ცნობილი გერმანიის მხარდამჭერი გზავნილი. იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს – ევროპელი ლიდერები ცალკეულ სფეროებში პროგრესს აღიარებენ, თუმცა არც შენიშვნებს ერიდებიან. სახელდება პრობლემური საკითხებიც.
„მოამბე“ ბერლინიდან.