ევროკავშირის ელჩი პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს.
პაველ ჰერჩინსკიმ დღეს დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბექა ოდიშარიასთან, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კოვზანაძესთან და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი მეძმარიაშვილთან გამართა. ყველა შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტული საკითხები იყო. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, 12 რეკომენდაციიდან არაერთ პრიორიტეტზე პროგრესი მიღწეულია და გარკვეულ პუნქტებზე გადაწყვეტილებებს კიდევ ელოდება. პაველ ჰერჩინსკი 16-ვე კომიტეტის თავმჯდომარესთან გეგმავს შეხვედრას. ამ დროისთვის ევროკავშირის ელჩი უკვე რვა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.