არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ევროკომისიის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნების საპასუხოდ მიღებულ ცვლილებებს აფასებს. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის პირობებს და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნებს უგულებელყოფს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის გეგმა, ვეტო დაადოს აღნიშნულ ცვლილებებს, მართებულია. ამასთან, ისინი მმართველ გუნდს მოუწოდებენ გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და გაატარონ რეალური საარჩევნო რეფორმები. გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია, თუმცა არასაკმარისი. მათ ასევე შეაფასეს პარტიისთვის საქმიანობის შეჩერების შესახებ ინიციატივა და მას არაკონსტიტუციური უწოდეს.