ევროკავშირი ვიქტორ ორბანის აზერბაიჯანში ვიზიტს ეხმაურება

ევროკავშირი ვიქტორ ორბანის აზერბაიჯანში ვიზიტით უკმაყოფილოა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომლის ქვეყანაც როტაციის პრინციპით ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა, ქალაქ შუშაში თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობდა, რამაც ევროკავშირის ხელმძღვანელობაში უკმაყოფილება გამოიწვია. ბრიუსელში განაცხადეს, რომ ორბანს შესაბამისი უფლებამოსილება არ ჰქონდა.როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ორბანის ვიზიტი უნგრეთის და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების ჩარჩოში შედგა. ბორელის თქმით, უნგრეთი როტაციის პრინციპით ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნგრეთი საგარეო ასპარეზზე ევროკავშირს წარმოადგენს. თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაცია 2009 წელს დაფუძნდა. უნგრეთს ამ ორგანიზაციაში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი აქვს.