ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში

ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე მსხვილი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უკვე საქართველოშია – ეუთო-ოდირის დელეგაცია საარჩევნო კამპანიის მონიტორინგს იწყებს. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი წინასაარჩევნო გარემოს 12 ექსპერტით დააკვირდება. ერთ კვირაში კიდევ 30, არჩევნების წინა დღეს კი 350 დამკვირვებელი ჩამოვა. მისია მოიცავს როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების აქტივობების, ასევე კენჭისყრის დღისა და მედიის მუშაობის მონიტორინგს. დაგეგმილია ორი დასკვნის მომზადება.

შუალედური ანგარიში არჩევნებამდე გახდება ცნობილი, საბოლოო დასკვნა კი საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. ხელისუფლების მხრიდან ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმული უნდობლობის ფონზე ჩნდება კითხვა – რამდენად დაეყრდნობიან საერთაშორისო ორგანიზაციები ადგილობრივი მისიების მიერ მიწოდებულ მასალებს. ეუთო-ოდირის დელეგაციის ხელმძღვანელს დღეს ამ თემაზეც მოუხდა განმარტებების გაკეთება.