ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სტიქიის განმეორების საფრთხე მოხსნილია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ ეტაპზე, სტიქიის განმეორების საფრთხე მოხსნილია და საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ დღეს არც ერთი შეტყობინება აღარ შესულა. გაწმენდითი სამუშაოები რეგიონში დილიდან განახლდა. მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია ითვლის, სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რა სახის დახმარებას მიიღებს დაზარალებული მოსახლეობა.
ირმა ჭოლაძე მუშაობს სამეგრელოში – რამდენი სოფელი დააზარალა ძლიერმა წვიმამ აბაშის რაიონში და რა ვითარებაა ადგილზე?
რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, დღის 14:00 საათისთვის ცხრა შეტყობინება შევიდა. მაშველები მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან.
გამოძახებები იყო მარტვილსა და სენაკშიც. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმერეთიდან და თბილისიდან სახანძრო-სამაშველოს დამატებითი ძალებია მობილიზებული. სამუშაოები გრძელდება აბაშის მუნიციპალიტეტშიც, სადაც გუშინ სიტუაცია გვიან ღამით გართულდა. მდინარის ადიდების გამო, მოსახლეობას სახლების დატოვება მოუწია. ამ დროისთვის ადგილობრივები საკუთარ საცხოვრებელს უკვე დაუბრუნდნენ.