ესპანეთში ბინების ქურდობისა და კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირის გამო დაკავებული ქართველების პატიმრობაში დატოვების საკითხს სასამართლო დღეს განიხილავს.
ესპანეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, დაკავებული 25 პირიდან 6 უკვე გათავისუფლდა. რაც შეეხება საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულებს, საქართველოს 40 მოქალაქე ამ დრომდე საემიგრაციო სამსახურში რჩება.
ამ დროისათვის სკოლაში, სადაც ქართველები აიყვანეს, სულ 31 ადამიანი რჩება, მათგან 14 ბავშვია. ისინი შიშობენ, რომ სპეცოპერაცია შესაძლოა კიდევ ჩატარდეს, რადგან ინფორმაცია აქვთ, რომ კრიმინალში ბრალდებული ყველა პირი ჯერ დაკავებული არ არის.
სპეცოპერაცია ესპანეთში 4 აპრილს ჩატარდა. ოპერაცია, სახელწოდებით, მერლინ-ტაკა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და მასში 250 სამართალდამცველი, მათ შორის ქართველებიც მონაწილეობდნენ.
სპეცოპერაციისას სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს.