სტიქია შოვს გასული წლის 3 აგვისტოს მზიან დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე დაატყდა თავს – მყივარ ბუბაზე განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა ღვარცოფი წარმოქმნა და ხეობისკენ დიდი სისწრაფით დაიძრა. რამდენიმე წუთში წყლისა და მიწის უზარმაზარმა მასამ 26 ჰექტარი მიწის ფართობი დაფარა.
ღვარცოფმა წაიღო კოტეჯები, მანქანები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, მოგლიჯა ხეები. დამსვენებლები სტიქიის ზონიდან გამოსვლას თავდაპირველად საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, მოგვიანებით კი საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამაშველო ოპერაცია დაიწყო. მაშველებმა 210 მოქალაქის გამოყვანა შეძლეს, 33 ადამიანი კი სტიქიას ემსხვერპლა.