ერთი წელი მას შემდეგ, რაც ავღანეთზე კონტროლი თალიბანმა დაიბრუნა.
ექსტრემისტული დაჯგუფება შარშან აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციური ძალების გასვლის დაანონსებისთანავე გააქტიურდა, მოგვიანებით კი ავღანელი სამთავრობო ძალების მისამართით ინტენსიურ შეტევაზე გადავიდა. ერთი წლის წინ ამ დღეს რადიკალურმა დაჯგუფებამ დედაქალაქი ქაბული დაიკავა, რასაც ქაოსი და პანიკა მოჰყვა. ადგილობრივების და უცხოელების დიდი ნაწილი აეროპორტისკენ დაიძრა. მოქალაქეები საცხოვრებელ სახლებს მასობრივად ტოვებდნენ და გარბოდნენ. ავღანელების უსაფრთხო ევაკუაცია მაშინ საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარ გამოწვევად იქცა. ერთი წლის თავზე ავღანეთში ეკონომიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული კრიზისია, მოქალაქეთა დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა, მძიმეა ადგილობრივთა უფლებრივი მდგომარეობა, რომელიც ყველა მიმართულებით მკვეთრად გაუარესდა.