ეროვნული ბანკის გამო პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის უთანხმოება მწვავდება.
სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი საბჭოს წევრობის კანდიდატებს პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. არგუმენტად წინასწარი კონსულტაციების არ გავლა სახელდება, თუმცა მსგავსი კონსულტაციების საჭიროებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ ხედავს. სახელმწიფოს მეთაურის საპარლამენტო მდივანი „ქართულ ოცნებას“ პოლარიზაციის გაღრმავებაში ადანაშაულებს და პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულების შეცვლისკენ მოუწოდებს. ბრალდებები არანაკლებ მწვავეა მმართველი გუნდის მხრიდანაც. სახელისუფლებო შტოებს შორის მორიგი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ფინანსთა მინისტრის კანდიდატურა დაიწუნა.