ეროვნული ბანკის შეფასებით, ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს. სებ-ის ხელმძღვანელმა დღეს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0 პროცენტზე დატოვა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მიიჩნევს, რომ წლის დასაწყისიდან ამოქმედებული ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ფინანსური სტაბილურობის რისკებს ამცირებს.
კომიტეტის ინფორმაციით, ჭარბი საკრედიტო ზრდის შენელების გარდა, მოლოდინების შესაბამისად გამოიკვეთა დადებითი ტენდენციებიც, კერძოდ, უმჯობესდება მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტები და, შედეგად, მცირდება მაღალი საკრედიტო ტვირთით გაცემული სესხები.
რაც შეეხება ფიზიკური პირების დაკრედიტებას, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სამომხმარებლო სესხები შემცირებას განაგრძობს, ხოლო იპოთეკური სესხების ზრდა, წლის დასაწყისში შენელების შემდეგ, აღმავალი ტენდენციით ხასიათდება.