ეროვნული ბანკის განცხადება

საქართველოში ფასიანი ქაღალდების ახალი, ცენტრალიზებული სისტემა ამოქმედდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი სისტემა ფინანსური ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მონაწილეებს მაღალი სტანდარტების სრულფასოვან მომსახურებას შესთავაზებს. ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციები უფრო სწრაფი, იაფი, მოსახერხებელი და სრულად დაცული იქნება.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ავტომატიზებული სისტემა ეროვნულ ბანკში 2010 წლიდან ფუნქციონირებს. რამდენიმე დღის წინ კი, ამ სისტემის განახლებული ვერსია ამოქმედდა და შესაძლებელია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. ახალი სისტემა ეროვნული ბანკისა და თბილისის საფონდო ბირჟის ერთობლივი პროექტია, რომელიც ქართული კაპიტალის ბაზრის ტრანსფორმაციას ისახავდა მიზნად.