ნათია თურნავას ხელმოწერილ ბრძანებას პერსონალურად ოთარ ფარცხალაძის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ოპოზიცია.
ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელ ფინანსურ ინსტიტუტზე ზეწოლაში ადანაშაულებენ და ბრძანების გაუქმებასთან ერთად, ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია სანქციების ახალ ტალღას ელოდება. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ ოპოზიციაში ეროვნული ბანკის გარშემო ხელოვნური კრიზისის შექმნას ცდილობდნენ, რაშიც მათ პრეზიდენტიც ეხმარებოდა. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ფინანსური სისტემა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სანქციებთან.