რეფინანსირების განაკვეთი არც გაიზარდა და არც შემცირდა. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა. სებ-ი ფრთხილი მიდგომის მიზეზად საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს და ინფლაციური წნეხის გაზრდას ასახელებს. მართალია, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა, თუმცა ცენტრალური ბანკი გლობალური მოვლენების, კერძოდ, ნავთობის და სურსათის ფასების მერყეობის და გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო გარკვეულ რისკებს მაინც ხედავს. ბოლო ერთი წელია, რაც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო. შედეგად რეფინანსირების განაკვეთი 11-დან 8%-მდე შემცირდა. შალვა სუმბაძე დაინტერესდა, მისაღებია თუ არა სების ფრთხილი პოლიტიკა სფეროს წარმომადგენლებისთვის.