საქართველოში 125 000-მდე ადამიანს საბანკო სესხი გაუძვირდა.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტენდენცია გრძელდება. ბოლო ერთ თვეში უკვე მეორედ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ გაზარდა. ამჯერად ზრდის მაჩვენებელი 1 %-ს შეადგენს. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით ცენტრალური ბანკი ფასების დასტაბილურებას და ინფლაციის შეჩერებას ცდილობს, რომელიც მიზნობრივ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია და ბოლო 11 წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმზეა. ლარის გაუფასურების, სამომხმარებლო ფასების ზრდის და პანდემიის შედეგად ტურიზმიდან შემოსავლების მკვეთრი კლების ფონზე სებ-ი დღევანდელ ნაბიჯს ყველაზე ოპტიმალურად მიიჩნევს. თუმცა, პროგნოზები დამაიმედებელი არ არის. ეროვნული ვალუტა, რომლის რყევები ფასებზე პირდაპირ მოქმედებს და რომლის დასასტაბილურებლად უკვე არაერთი უშედეგო ინტერვენცია განხორციელდა, გაუფასურებას განაგრძობს. სავალუტო პუნქტების ტაბლოზე ციფრები ყოველდღე უარესდება.