„თიბისი ბანკი“ სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებს.
ეროვნული ბანკი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან მამუკა ხაზარიძის და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლებას ითხოვს. მოთხოვნის შესასრულებლად ცენტრალური ბანკი აქციონერთა კრებას ორთვიან ვადას აძლევს. მანამდე კი ეროვნულმა ბანკმა ორივე დამფუძნებელს ხელმოწერის უფლება შეუჩერა.
გადაწყვეტილების მიზეზად ბანკში ჩატარებული შემოწმება და 2007-2008 წელს განხორციელებული ტრანზაქცია სახელდება. სავარაუდოდ, პროცესი სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებს, რადგან „თიბისი ბანკი“ არცერთი მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.
სწორედ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას უკავშირდება გენერალურ პროკურატურაში ერთი თვის წინ დაწყებული გამოძიება. საუბარია ფულის სავარაუდო გათეთრების სქემაზე, რის გამოც საქმეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია აქვს და როგორც ცნობილია, ერთ-ერთი წამყვანი ბანკის დამფუძნებლები უკვე დაკითხულებიც არიან.