ხმაურიანად ჩაიარა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლამ.
კობა გვენეტაძე საკანონმდებლო ორგანოში 2020 წლის ანგარიშით მივიდა. დეპუტატთა მთავარი ინტერესი და კითხვები გაუფასურებულ ლარს, გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას და გაზრდილ ფასებს ეხებოდა. დარბაზში სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. მმართველი გუნდისგან გასხვავებით, ოპოზიციამ პანდემიის ფონზე ცენტრალური ბანკის მუშაობა ნეგატიურად შეაფასა და გვენეტაძეს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. ახსენეს რამდენიმე გახმაურებული საქმეც. მკვეთრად გაზრდილ ინფლაციასთან და გაძვირებულ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრეტენზიების მოსმენის შემდეგ სებ-ის ხელმძღვანელმა ოპონენტებს მეტი კომპეტენციისკენ მოუწოდა.