ერდოღანის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში

ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა გრძელდება.

თურქეთის პირველი პირი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კვლავ მოქმედი პრეზიდენტი იქნება. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში თითქმის ორი მილიონი ხმით მოუგო. მიწისძვრის შედეგად განადგურებული ქალაქების აღდგენა, დაზარალებულების დახმარება და ინფლაციასთან ბრძოლა ერდოღანის ნომერ პირველ გეგმებს შორის ცხადდება, რისი პირობაც პრეზიდენტმა ამომრჩეველს საარჩევნო შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცა. სწორედ თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე არასაკმარისი რეაგირების, ლირის მკვეთრი გაუფასურების და ეკონომიკური პრობლემების გამო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შანსი საკმაოდ მაღალი იყო, რაც სოციოლოგიური გამოკითხვებითაც დასტურდებოდა. პროგნოზი პრაქტიკულად გამართლდა, რადგან 14 მაისს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების მიუხედავად, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. ერდოღანი მსოფლიო ლიდერების მილოცვებს იღებს, მისი დამარცხებული მეტოქე ქემალ ქილიჩდაროღლუ საარჩევნო პროცესს უნდობლობას უცხადებს.

„მოამბე“ თურქეთიდან – სტამბულში ლევან ახალაია მუშაობს.