ექიმ მურთაზ მამაგეიშვილის განცხადება

ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი, რომელიც ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკიდან 2 დღის წინ გაათავისუფლეს, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებას ელოდება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მას ჯანდაცვის სამინისტრო პროფესიულ საქმიანობას აუკრძალავს, ის ამ საკითხზე სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს.

მურთაზ მამაგეიშვილი ადმინისტრაციამ  ინგოროყვას კლინიკიდან 11 ივნისს, ეთიკის ნორმების დარღვევის გამო გაათავისუფლა. მას პაციენტმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნინო კვიტაიშვილმა უჩივლა და პოლიტიკური შეხედულებების გამო, დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. პაციენტის განცხადებით, ტრავმა რუსთაველის გამზირზე პოლიციასთან დაპირისპირების გამო მიიღო, თუმცა, მისი მტკიცებით, ტრავმატოლოგმა მამაგეიშვილმა მომსახურებაზე უარი პოლიტიკური კუთვნილების გამო უთხრა.

ინგოროყვას კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექიმი-ტრავმატოლოგის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ეთიკის საბჭომ მიიღო.

ინციდენტზე ჯანდაცვის სამინისტროში მოკვლევა დაწყებულია.