ეპიდემიოლოგების გათვლებით, საქართველოში პანდემიის მესამე ტალღის პიკია. ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 1400-ს გადასცდა. 4 %-იან ზღვარს აჭარბებს კვირის და დღის დადებითობის მაჩვენებლებიც. ჰოსპიტალურ სექტორში დამატებითი ადგილების მობილიზება მიმდინარეობს, დედაქალაქის კლინიკების დიდ ნაწილში თავისუფალი საწოლები აღარ არის. „ასტრაზენეკასგან“ გასხვავებით, საკმაოდ მაღალია მოთხოვნა ჩინურ „სინოფარმზე“. რეგისტრაციის დაწყებიდან ორ დღეში ამ პრეპარატით აცრის მსურველთა რაოდენობა 14 000-ზე მეტია. დღეს ქვეყანა კიდევ ერთ ჩინურ ვაქცინას, ამჯერად „სინოვაკის“ 100 000 დოზას ელოდება. „სინოფარმის“ მსგავსად, ისიც ტრადიციული მეთოდებით არის დამზადებული, თუმცა არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და არც რომელიმე მკაცრი მარეგულირებელი ორგანოს ავტორიზაცია არ აქვს გავლილი, ამიტომ ქვეყანა მის გამოყენებას ჯერ არ ჩქარობს.